დღესაც ყველანი ვეძებთ ინგლისში, ამერიკაში, სკანდინავიაში და თუნდაც ჯერ კიდევ იტალიაში და ევროპის სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებში დამზადებულ პროდუქტს, სადაც ლიბერალური ეკონომიკა ყოველთვის უმაღლეს დონეზე იყო და ჯერ კიდევ არის განვითარებული, თუმცა ასეთი პროდუქცია, მასობრივი მომხმარებლისათვის, ამ ქვეყნების შიდა ბაზრებზეც კი სულ უფრო იშვიათადაა ხელმისაწვდომი.
რას ნიშნავს კარგი პროდუქტი და რატომ ვეძებთ მას?

კარგია პროდუქტი, როცა მარტივად, მისი ხარისხია მაღალი და ფასი დაბალი, – უფრო ზუსტად კი, როცა ხარისხის და ფასის კომბინაცია, სხვა ანალოგთან შედარებით, უფრო მისაღებია მომხმარებლისათვის.

ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ მათ შორის უმთავრესია უმაღლესი ტექნოლოგიების უახლესი მიღწევების და ხელით შრომის წილი რა თანაფარდობით მონაწილეობს პროდუქტის შექმნაში.

უმაღლესი და უახლესი ტექნოლოგიის მთავარი წვლილი სწორედ ისაა, რომ უზრუნველყოფს პროდუქტის შექმნის ტექნოლოგიური პროცესის, სხვა ანალოგთან შედარებით, უფრო ზუსტად, ხარისხიანად და ავტომატურად საიმედო, მასობრივ შესრულებას, თითოეულ ერთეულზე ძვირადღირებული და შრომატევადი ხელით შრომის გარეშე, სადაც თანმდევი ხარვეზები უფრო ხშირი და გარდაუვალია.

უმაღლესი და უახლესი ტექნოლოგიის მუდმივი განახლება ძვირადღირებული ფუფუნებაა და უკეთ ხელეწიფება შედარებით მაღალგანვითარებულ ქვეყნებს, სადაც ისევდაისევ ლიბერალური ეკონომიკაა უმაღლეს დონეზეა განვითარებული.

სადაც კაპიტალის და აუცილებელი საინვესტიციო რესურსის მოთხოვნა მიწოდებას, ინიციატივის რისკს და წარმატებას, თავისუფალი საფონდო ბაზარი განაგებს.

სახელმწიფოს ან სხვა სახსრების ცენტრალიზებული ჩარევა ამ პროცესში მოუქნელი და არაეფექტიანია, რომ არაფერი ვთქვათ ამ თემაში მათ მასშტაბურად შეუსაბამო უსუსურობაზე არათუ ჩვენნაირ სუსტ, ფინანსურად უძლიერეს სახელმწიფოებშიც კი.

ამ სეგმენტში თავისუფალი საფონდო ბაზრის ყოვლისშემძლე მოქნილობას და ძალას ალტერნატივა არ აქვს.

განვითარებულ ინდუსტრიებს, უმაღლესი ტექნოლოგიებით უზრუნველყოფილ პირობებშიც კი, თან დიდწილად ახლავს დასაქმებული მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და გარემოსთვის მიყენებული ეკოლოგიური ზიანი, რისი განეიტრალებაც მათივე უმაღლესი სტანდარტებით უძვირესი აუცილებლობაა.

შესაბამისად ასეთი ქვეყნების ეკონომიკებს თავიანთი, შედარებით უზრუნველყოფილი მოქალაქეების კეთილდღეობისათვის ურჩევნიათ (გარკვეულწილად იძულებულიც კი არიან) ადგილზე დაიტოვონ მაღალტექნოლოგიური პროდუქტების წარმოების მხოლოდ საკვანძო, „სუფთა“ ნაწილები, დანარჩენი კი, რაც დაკავშირებულია შედარებით მავნე და მძიმე შრომით პროცესებთან, აწარმოებინონ ტენდერების საფუძველზე იმ ნაკლებად ლიბერალურ, განვითარებად ქვეყნებში, სადაც უკეთ გაართმევენ თავს დაკვეთას.

შედეგად, დროთა განმავლობაში მაღალგანვითარებულმა ქვეყნებმა, სადაც ლიბერალური ეკონომიკა უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული, საწარმოო პროცესების დიდი ნაწილი გაიტანეს სხვა ქვეყნებში და რადგან ტექნოლოგიური სიახლეები ფიზიკურად და მორალურად საკმაოდ სწრაფად ძველდება, შემდეგში მათაც გადასცემენ ხოლმე ხსენებულ, მათთან კოოპერაციაში მყოფ განვითარებად ქვეყნებს.

ზოგნი წარმატებით იყენებენ და თავისებურად სრულყოფენ კიდეც უკეთეს ქვეყნებში წარმოებიდან მოხსნილ, მეორად ტექნოლოგიებს. ამ სახელმწიფოებმა, როგორც იტყვიან „ წარმოების საიდუმლოებებიც აითვისეს“ და პროდუქტზე შეჩვეულ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, რომელთაც უახლესი ნაწარმის ყიდვა ეძვირებათ, ამარაგებენ ძველი ნაცნობი ხარისხით, რაც ზოგჯერ ბაზრის საკმაოდ მნიშვნელოვან სეგმენტებსაც იჭერს და ქვეყნებს საკმაოდ სწრაფ თვითგანვითარებაში ეხმარება.

საანალიზო ცხადია ყველა მიმართულებით უამრავი განშტოებაა, მაგრამ ჩემი შთაბეჭდილებით ყველაზე მეტად სწორედ აქ ჩნდება ჩასაფრებული წითელი იდეოლოგიისათვის გარკვეული, ცხადია არსით ყალბი ვითომ ნოყიერი დასაყრდენი, რომ აქაოდა ეკონომიკის ლიბერალურმა განვითარებამ თავი ამოწურა და გარკვეული ცენტრალიზებული რეგულაციებით უკვე შესაძლებელია „ბაზრის მოტყუება“.

რეალურად, თუ სადმე შეუქცევად წარმატებას მართლაც მიაღწიეს, მათ შორის ვთქვათ იაპონიამ ან სინგაპურმა, გაბედულად შეგვიძლია ვთქვათ, მხოლოდ ლიბერალური საბაზრო გზებით, ხოლო რაც შეეხება ვთქვათ ჩინეთის და თუნდაც ევროკვშირის გარკვეულ ინსინუაციებს ბაზართან ცენტრალური რეგულაციების კომბინირების მიმართულებით, შედეგმა არა მგონია მოლოდინი გაუმართლოთ.

რატომ დავუთმე ამ თემას ამდენი ჩემი და შესაძლო მკითხველის დრო?

დღეს არსებულ უმწეო მდგომარეობაში, საქართველოს მოქალაქეების გაძლიერების და ქვეყნის აღორძინების ერთადერთი შესაძლო გზად მიმაჩნია გამოუყენებელი და ცუდად გამოყენებული გიგანტური სახელმწიფო ქონების უფასოდ გადატანა მოქალაქეების საკუთრებაში, კაპიტალის გაცოცხლება, საინვესტიციო მიმზიდველობის ამაღლება და ლიბერალურ საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი რეფორმის რეალურად და სრულყოფილად განხორციელება