გ ვ ა კ ლ ი ა – კ ა პ ი ტ ა ლ ი ზ ა ც ი ა ! – დასაწყისი

` როგორ მოიხმარ გასაღებს, თუკი არ იცი, რას აღებს… ~

კოტე ყუბანეიშვილი

გ ვ ა კ ლ ი ა – კ ა პ ი ტ ა ლ ი ზ ა ც ი ა !

ზოგადიდან კონკრეტულამდე

ბაზრის ე.წ. “უხილავი ხელის” შეცნობისათვის კარგი თემებია: კორპორაციული მართვის უპირატესობანი, ბაზრების ურთიერთოპტიმიზაცია და სხვა მრავალი.

ცალკე მაგალითად, ძალიან მოკლედ, ძირითად შტრიხებში გავეცნოთ თუნდაც ფასების ლიბერალიზაციას. ეს უკანასკნელი შოკურად იწვევს ყოველდღიური და აუცილებელი მოხმარების პროდუქციის და მომსახურების ფასების ზრდას, მათ სოციალურად დაძაბვას, თავიდანვე ბადებს საყოველთაო და მკვეთრ უარყოფით განწყობას, მაგრამ, ბევრმა არ იცის, რომ მხოლოდ ეს მიდგომა და ეს შედეგი იძლევა ამ კატეგორიის (ანუ ყოველდღიური მოხმარების და აუცილებელი) პროდუქტის ოპტიმალურ წარმოებისა და ყაირათიან მოხმარების პრაქტიკულად საუკეთესო შესაძლებლობას. თან სხვა ფასების მანამდე საოცნებო კლებასაც იწვევს, ადგილობრივ ვალუტას, მთლიანად ეკონომიკას აძლიერებს და საბოლოო ჯამში, თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის უმწეოთაც სოციალური პაკეტებით, უკეთ უზრუნველყოფს.

გარდამავალ ეტაპზე მნიშვნელოვანია რეფორმების პოლიტიკური მხარდაჭერა, რაც სამწუხაროდ, ცალკეულ იშვიათ კრიტიკულ მომენტებში გარდაუვალად იწვევს სოციალურ დაფინანსებათა ხელოვნურად გაზრდილ, მაკროეკონომიკურად საზიანო სახელმწიფო უზრუნველყოფასაც, მაგრამ უმთავრესი როლი, ახალ გზაზე წარმატების მიღწევაში, მაინც პრივატიზაციის თემის გააზრებასა და უკვე სახიფათოდ გაჭიანურებული ლიბერალური რეფორმების დასრულებას ენიჭება.

ამ და სხვა ძირითად თემებზე პრიორიტეტული დაყრდნობის ნაცვლად რეფორმათა უსისტემო მცდელობები პოსტკომუნისტურ ქვეყნებში არსებითად თვითდინებაზეა მიშვებული.

საზოგადოება, თავის მხრივ, გაუთავებლად ჭირვეულობს და იმ ჩვილ ბავშვს ჰგავს, რომელიც ტირის, მაგრამ ვერ ამბობს კონკრეტულად რა და მით უმეტეს, რატომ სტკივა.

_ მაინც რატომაა საზოგადოება მისივე მხსნელი რეფორმის მიმართ ასე გაუცხოებული?

_ ალბათ მისი მცდარი გააზრების და მიღებული შედეგებით კი გულაცრუების გამო.

ახლახან გავეცანი მაგალითად ჟაკ რუპნიკის სტატიას `კრიზისი და ლიბერალიზმის დასასრული ცენტრალურ ევროპაში” (evropean.ge)-ზე ბექა ნაცვლიშვილის თარგმანში.

ეკონომიკის ერთიანად მართვის საუკუნოვანი საბჭოური ექსპერიმენტი, თავისი ყველა ვარიაციით კი დამარცხდა, მაგრამ მსგავსი ათასობით სტატიიდან სჩანს, მისი მეტასტაზები იმარჯვებს და არა მხოლოდ ევროპაში. სიყალბეები შეინიღბა და ამოეფარა თითქოსდა სასიკეთო და უწყინარ რეგულაციებს… აქაოდა: – განაწილებას და მოხმარებას ჩვენ მივხედავთ, სამაგიეროდ კი წარმოებაში აღარ ჩაგერევითო – მშვენიერია არა?!!! 🙂

ძნელია, ვინმემ უარყოს ორი საწყისი პოსტულატი:

1. ლიბერალიზმი ძლიერთა და მართალთა დოქტრინაა. მის მიმდევრებს სჯერათ თავიანთი თავის და საერთოდ ადამიანთა მოდგმის სიძლიერის და სიკეთის. ეჭვიც არ ეპარებათ, რომ კაცობრიობა, რაიმე ხელოვნური შეზღუდვების, განსაკუთრებული პამპერსებისა თუ მშობლიური აკვნისა და არტახების გარეშეც კი, მშვენივრად გაიზრდება და თავის მცირე, უძლურ ნაწილსაც უკეთესად მოუვლის;

2. რეგულირების იდეებით შეპყრობილი სოციალისტები მიიჩნევენ, რომ ადამიანი სუსტია და უგულო. მას დახმარება და მართვა სჭირდება. – როგორ შეიძლება დახმარება? – ერთს უნდა წაართვა და მეორეს მისცე! – ვინ გააკეთებს ამას? – რათქმაუნდა თვითონ – მათი იდეაა! და ვინმეს სჯერა, რომ ისინი ხალხის სახელით ამგვარი შუამავლობისას პროცესით არ ისარგებლებენ და არაფერს მიითვისებენ?! :D… – მოკლედ, ეს სუსტთა, მატყუარათა და ყაჩაღთა დოქტრინაა.

ამ ფონზე საინტერესოა რატომ უადვილდება ერთს ხალხის მოტყუება და რატომ უჭირს მეორეს თავის სიმართლეში მათი დარწმუნება?

ალბათ იმიტომ, რომ სოციალისტური პროპაგანდა თითოეულს, ცხოველური პრიმიტიულობის დონეზე გასაგებად, ანუ სხვა ადამიანების ხარჯზე პირდება, კონკურენციაზე ორიენტირებული ლიბერალიზმი კი შანსებს თვით ადამიანებს და ქვეყნებს აძლევს, მაგრამ ის მათგან პასუხისმგებლობასაც მეტს და მკვეთრად ითხოვს. ბევრს უფრო პირველი მოსწონს.

კაცობრიობამ სხვა დანაშაულებრივი სიმბოლიკასთან ერთად ალბათ სანაგვეში უნდა გადაუძახოს თვით ცნებას “სოციალური სამართლიანობა”, რომელიც ახლახან, გერმანიის პირველმა პირმა, ქალბატონმა ანგელა მერკელმა ისევ მთელი ძველი პომპეზურობით წარმოაჩინა მაღალი დონის შეხვედრაზე. კაცობრიობამ დღემდე ვერ გაიაზრა, რომ სამართლიანობა ერთადერთი არსებობს, ჩვეულებრივი, ადამიანური. ამ პოლიტიკურად მზაკვრულმა ტერმინმა სიკეთის ნიღბით შეავიწროვა ჩვეულებრივი ადამიანური სამართლიანობა და სიკეთე. მან რეალურად შურს, ბოროტებას, უმრავლესობის უმცირესობაზე ძალადობას და სიყალბეს დაუდო საფუძველი. ჩანაცვლების ამ მცდელობამ რა მოიტანა, ერთხელ უკვე კარგად ვნახეთ.

სოციალისტებმა, ერთმანეთის ქონების წართმევის ხარჯზე ხალხის უზრუნველყოფით და ამ პროცესის თანმდევი კორუპციით, საბოლოოდ სრულად გამოჭამეს ქვეყნის რესურსი და საქებარი ეკონომიკური შედეგი ვერსად მიიღეს. სამაგიეროდ იმ კაპიტალისტურ ქვეყნებს, რომლებმაც ლიბერალური გზებით სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსება წარმოუდგენლად მაღალ დონემდე აიყვანეს და ყველა ადამიანური სურვილების ახდენის (ზამთარში გაყინული ქუჩების გათბობისაც კი) დაფინანსება შეძლეს, უმალ სოციალურად ორიენტირებული (ლამის სოციალისტური) დაარქვეს, მაშინ როცა სოციალისტური რეგულაციებით მსგავსი შედეგების მიღწევა წარმოუდგენელია.

დრომ ორივე ნახსენები პოსტულატი დაადასტურა, მაგრამ პროპაგანდა დღემდე იმეორებს, რომ კაპიტალიზმს თურმე კრიზისები, სოციალიზმს კი წარმატებები ახასიათებს!

თუ იუმორით ვიტყვით, სწორია! კრიზისი იქაა მახასიათებელი, სადაც ძირითადი ფონი წარმატებაა და პირიქით, წარმატება იქაა იშვიათი, სადაც ძირითადი ფონი კრიზისია – ამიტომ ხასიათდება ხოლმე კაპიტალიზმი კრიზისებით და სოციალიზმი წარმატებებით.

პროგრესი უმრავლესობას კი არა, ზუსტ გათვლებს მოაქვს, დემოკრატია კი რეალურად უფრო იმისთვის სჭირდება უმრავლესობასაც და თუნდაც უზრუნველყოფილ იმავე უმცირესობასაც, რომ სიმართლე ან სუსტების პრობლემები ვერავინ დამალოს და დაამძიმოს.

რეგულირების ქებით წესით აღარ უნდა ტყუვდებოდნენ ის ქვეყნები, რომლებიც ამ გზით ჯოჯოხეთში აღმოჩნდნენ და ძლივს გამოაღწიეს უკან. თუმცა ჭკუა ყველამ მაინც ვერ ისწავლა. ზოგი ასეთი ქვეყნის ხელისუფალნი დღესაც, ხმამაღლა ან ჩუმად, შესაძლოა გაუაზრებლადაც, კვლავ მისტირიან ძველს, ახალი ფორმებით, ცენტრიდან ცდილობენ ეკონომიკაში პოლიტიკურ ჩარევას და ამით საკუთარი უბადრუკი პოზიციების გახანგრძლივება-გამყარებას.

ისინი კი არა, უკვე ბევრი წარმატებული ქვეყანაც და გონიერი ადამიანებიც თითქოსდა ამ ჰიპნოზის ქვეშაა.

ადრე ლიბერალურ ქვეყნებს საფუძვლიანად ეშინოდათ კომპარტიის გიგანტური სახსრების, რადგან მართლაც, ნებისმიერი პატარა საპროტესტო მიტინგიც კი, იმ თანხების წაშველებით ადვილად გარდაიქმნებოდა სოციალისტურ რევოლუციად, სულ მინიმუმ, მნიშვნელოვანი მსხვერპლით და კრიზისით, უარეს შემთხვევაში კი მოსკოვისადმი დაქვემდებარებულ სოციალისტურ ბანაკში ქვეყნის გადანაცვლებით.

დღეს, მსოფლიოს პოლიტიკურ რუქაზე წითელი ფერის ფორმალურად წაშლამ შეუსუსტა მათ ხიფათის ძველი შეგრძნება.

ყველა ლიდერი, მეტნაკლებად ფარულად, ატარებს პირადი გავლენის გაზრდის სურვილს და წარმატებულნი განსაკუთრებით. მემარცხენე პოპულიზმი უფრო იოლად იმხრობს ხალხის უმრავლესობას. ხელისუფლების და ელექტორატის სურვილის ამ დამთხვევით თვით დიდი შვიდეულის ნებისმიერ ქვეყანაშიც კი ადვილი და ლამის უკვე გარდაუვალია ლიბერალური პრინციპების ჯერ მცირე რღვევა, შემდეგ კი საბაზრო ეკონომიკის სრული ნგრევა. ფაქტობრივად ამ ქვეყნებში ხალხის უმრავლესობა და ხელისუფლება მთელი მონდომებით ხერხავს იმ ტოტს, რომელმაც ისინი უზრუნველყოფის კენწეროზე აიყვანა.

თუ გამოფხიზლება არ დაიწყო და გონიერება არ აღსდგა, თუ ლიბერალური ეკონომიკის თვითმართვადი რიჩაგების ხარბი მართველების კაბინეტებში გადატანა და პირად წარმოდგენებზე მორგება არ შეჩერდა, ამ ქვეყნების ხელისუფალნი ალბათ გაიმყარებენ, მაგრამ თვით ქვეყნები უთუოდ დაკარგავენ ლიდერობას.

დიდ შვიდეულს ის `ჭკუანასწავლი~ ქვეყნები ჩაანაცვლებენ ან შეავსებენ, რომლებიც პირველნი გაიაზრებენ, რომ გადამწყვეტი როლი ლიბერალური რეფორმების რეალურ დასრულებას, მის დამაგვირგვინებელ შედეგს – ქვეყნის მთავარი სიმდიდრეების სრულ საბაზრო-წონასწორულ კაპიტალიზაციას, ძვირადღირებული და დღემდე მოცდენილი იმ სიმდიდრეების ფინანსურ ბრუნვაში მოქცევას ენიჭება, რომელთა ჯამური ფასი, ელემენტარული არითმეტიკით შესაძლოა ტრილიონებშიც გამოისახოს..

მხოლოდ ამას მოაქვს კაპიტალის საერთაშორისო ბაზარზე გავლენის ფუფუნება, კრედიტის იაფად მოზიდვის და ძვირად (პოლიტიკურადაც ძვირად) გაცემის საშუალება.

ამ უმთავრესი მომენტის აღიარების და თან გაუაზრებლობის ნიშანია ფრაზა იმავე სტატიიდან: `როცა კაპიტალის გარეშე კაპიტალიზმს მივსდევთ, კაპიტალი ყოველთვის უცხოეთიდან შემოდის…~. თვით სტატიისგან განსხვავებით, ეს ფრაზა საყურადღებოა იმით, რომ კაპიტალის ექსპორტი ყველა ექსპორტზე უკეთესია და პირიქით, მისი იმპორტი ძალიან ძვირი ღირს, ყველა და მით უფრო ჩვენნაირი ქვეყნისთვის, სადაც ფინანსების დეფიციტია…

ამ ფონზე უგუნურებაა, რომ კაპიტალიზაციის საჭიროება, უაზროდ ზერელე მიზეზებით, არ აღიქმება. თითქოს წამყვანი ტვინების მტკივნეულ `გადატვირთვას~ ითხოვს.

მანამდე კი, ნუ გვიკვირს, თუ საბაზრო ეკონომიკა უნაყოფოა. რაც თეორიულად კაპიტალისტურ ქვეყნად ვითვლებით, მას მერე, დღემდე, კრიზისიდან მცირე ხნითაც არ გამოვსულვართ. რეგულირების უაზრო მცდელობებით, ლიბერალური რეფორმების მუდმივი ღია და ფარული შეფერხებით, მთელ პოსტკომუნისტურ სივრცეში, თვით მიზნის დისკრედიტაციაც მოხერხდა! მეტიც, იგივე გავლენიანი ძალები, ვინც დღემდე მოახერხა ლიბერალური პროცესებისათვის გზების ჩახერგვა და ქვეყნებისათვის სასიკეთო შედეგების შეფერხება, ახლა, ერთმანეთის დამოწმებით ცდილობენ უშედეგობის ისევ ლიბერალებზე გადაბრალებას, რეგულირების მასშტაბების გაზრდას და მათი ეგოისტური გავლენების შემასუსტებელი რეფორმების დასამარებას.

ამ ზოგადი ფრაზების ყველასთვის უკეთ აღსაქმელად დროა დავაკონკრეტო. მაგალითად, პრივატიზაციის შესახებ ხშირად ნიშნისმოგებით გაიგონებთ ფრაზას: `პრივატიზებულია და რა მერე – მუშაობს?!~. სამწუხაროდ, ამ `გამანადგურებელი~ არგუმენტით იწყება და მთავრდება ამ სერიოზული თემის გააზრება. ოპონენტის გონება, მიზეზის გარკვევის ნაცვლად, უკეთესი ალტერნატივის ძიებაში, უმეტესად კვლავ საკითხის სოციალისტური გააზრების ჩვეულ წიაღში ბრუნდება და იქ არსებულ, ცენტრიდან რეგულირების უკვე უარყოფილ მექანიზმებში ეძებს არარსებულ გამოსავალს.

სწორია! – პრივატიზაციას, ანუ ძირითადი სიმძლავრეების კერძო ხელში გადაცემას თუ იმავე ქონების სრულყოფილი კაპიტალიზაცია არ მოჰყვა, ანუ თავისთავად, მხოლოდ საკუთრების ფორმის ცვლილება, ბევრს მართლაც არაფერს ნიშნავს და წინსვლას ვერაფრით მოიტანს. ფაქტია, უამრავი სიმძლავრე, ქარხნები თუ მიწები, არის კერძო ხელში მოცდენილი და წითელ წარსულთან შედარებითაც კი, არაეფექტიანად გამოყენებული.

საპირისპირო ფაქტია ისიც, რომ წარმოება, კერძო საბაზრო სივრცეში, საბოლოოდ თითქმის ყველგან და ყოველთვის, შეუდარებლად უფრო შედეგიანია.

ზოგადი საუბრებისაგან რომ დავასვენო კონკრეტული, რეალური გამოსავლის მიგნებაზე ორიენტირებული მკითხველი, ამიტომ, ეს ორი, ურთერთსაპირისპირო ფაქტი და მთავარი პოსტკომუნისტური შეცდომაც შევეცდები სულ მარტივად ავხსნა. ამისთვის ცალკეული მიზეზ-შედეგობრივი კავშირების კიდევ უფრო მცირე და კონკრეტულ ფრაგმენტებს ცალ-ცალკე წარმოვაჩენ.

თანაც, კიდევ მეტი სიმარტივისათვის, სამსჯელოდ, არა ზოგადად წარმოებას, არამედ დღეს ყურადღების ცენტრში მოქცეულ, კონკრეტულად მხოლოდ სოფლის მეურნეობას და მის საყრდენს – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას გამოვიყენებ.

მსჯელობა კონკრეტულად სოფლის მეურნეობის მაგალითზე

რა რეალობა გვქონდა საბჭოურ წარსულში? – სახელმწიფო, მეურნეს, მიწას უფასოდ აძლევდა ს ა რ გ ე ბ ლ ო ბ ა შ ი, სახელმწიფოს დაფინანსებული ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მეშვეობით, შეუსწავლიდა და უწესრიგებდა მეურნეს ნიადაგის შემადგენლობისა თუ მელიორაციის საკითხებს, ეხმარებოდა მას სანაშენე მიმართულების შერჩევასა თუ შესაძლო დაავადებებისაგან ან სტიქიისაგან დაცვაში, მეტ-ნაკლებად ხელს უწყობდა ტექნიკით, საწვავით, კადრებით უზრუნველყოფის, მზა პროდუქციის დაცვა-შენახვის, რეალიაზაციისა თუ ბევრ სხვა საქმეში. ზოგჯერ პირდაპირ ფინანსებითაც(!) კი უზრუნველყოფდა მას.

რა რეალობა გვაქვს ეხლა? – ფაქტია, ეს ყველაფერი, სახელმწიფოსაგან თანადგომა და თუნდაც თავზე ჯდომა დავარქვათ, მეურნეს აღარ აქვს. უკვე არც ფუნქცია და არც უფლება აქვს სახელმწიფოს ჩაერიოს სამეურნეო პროცესებში. დღეს მიწების ერთი ნაწილი უკვე ნაყიდი აქვს კერძო პირებს. მეურნეს, ყველაფერი ადრინდელის ნაცვლად, მხოლოდ მიწა, მაგრამ უკვე კ ე რ ძ ო საკუთრებაში და თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა აქვს. მისგან სოფლის მეურნეობის აღორძინებას და არნახულ წარმატებას ელიან, მაგრამ ჩვენში არავისგან ისმის პასუხი მარტივ კითხვაზე: – ამდენი ჩვეული დახმარებების გარეშე, რეალურად როგორ უნდა მიაღწიოს მეურნემ წარმატებას მხოლოდდამხოლოდ იმით, რომ მიწა უკვე მისია და თვითონ კი თავისუფალია?

რატომ ვერ დგება მოსალოდნელი შედეგი? არადა ფაქტია, სოფლის მეურნეობა კერძო საწყისებზე, მართლაც, ყოველთვის და ყველგან, უფრო წარმატებულია.

რეალური და უმარტივესი მიზეზი ერთია – წინასწარ საჭირო თანხების ნაკლებობა.

რა მიზეზი აქვს და რა უშველის ამ რეალობას?

მცდარია აზრი, რომ მეურნეს, თუნდაც საწყის ეტაპზე ხელოვნურად, რაიმე გზით ან წყაროდან, ჩვეულებრივ კომერციულ სესხზე უკეთესი პირობებით, უზრუნველყოფის გარეშე უნდა “გამოეყოს(!)” სესხი. ასეთი მიდგომით დადებითის ნაცვლად უარყოფით შედეგს მივიღებთ და წესიერ მეურნეს თაღლითად ვაქცევთ. როგორ? – თუ ასე იაფი მიწით უზრუნველყოფის ქვეშ, სამყოფი, ანუ მიწის ფასზე მრავალჯერ მეტი, თანხა მიიღო სეხად მეურნემ, ის ამ სესხს დაბალი პროცენტით კი არა, უარყოფითი(!) პროცენტითაც აღარ დააბრუნებს. ამ შემთხვევაში, საბაზრო პირობებში უმნიშვნელოვანესი ორი მოტივაცია, კეთილსინდისიერი იმიჯის შენარჩუნება და მოგების მიღების სურვილი, დაუპირისპირდება ერთმანეთს და დიდი ალბათობით, ტიპიურ მეურნეში დღეს მეორე მოტივი გადაძლევს.

სწორი გამოსავალია: ჯერ მიწის დაბალი საბაზრო ფასი უნდა გაიზარდოს!

წინააღმდეგ შემთხვევაში, როცა სასოფლო მიწის საბაზრო ფასი თეთრებია, მის უზრუნველყოფის ქვეშ შესაძლებელია მხოლოდ `ნახევარი თეთრების~ მოცულობის იპოთეკური სესხის მოზიდვა, ამ მცირე თანხებით კი იმის მეასედსაც ვერ აკეთებს მეურნე, რასაც ადრე, თუნდაც სოციალისტური სახელმწიფოს უღიმღამო თანადგომით ახერხებდა. ლოგიკურია, რომ შესაბამისად, შედეგსაც ადრინდელზე გარანტირებულად უარესს იღებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც წესი, არავინ, სხვა საქმიდან მოპოვებულ პირად სახსრებს, ჭარბადაც რომ ჰქონდეს, თუნდაც თავისივე სხვა საქმეში, თუ “არ ღირს”, არ დააბანდებს. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, დავუშვათ სადმე, ადგილობრივ ბაზარზე, რაიმე მიზეზით, ვთქვათ ძველი, მაგრამ მოძრავი ავტომანქანების არნახული და ზეჭარბი მიწოდების გამო, მათი ფასი 3 დოლარს არ აჭარბებს. ცხადია, რომ ბაზრის ორიენტირი მოგებაა და იქ მცირე პრობლემის მქონე მანქანის ასამუშავებლად რემონტში მცირე თანხას, 5 დოლარსაც კი არავინ გადაიხდის და 3-ად სხვას, მოძრავს იყიდის. ასეთ ფონზე მალე ყველა მანქანა გაჩერდება. მოკლედ, საკუთარი თანხებითაც კი, ეკონომიკურად სწორია, რისკებიდან მხოლოდ გაუთვალისწინებელი გადაიფაროს. ეს სოფლის მეურნეობასაც ეხება.

უთუო წარმატება ექნებოდა მეურნეს, ამ საქმეს დაფინანსების თავისი ავტონომიური წყარო რომ ჰქონდეს. მიწის საბაზრო ფასი 100-ჯერ მეტი რომ იყოს, ან იმის ნახევარი მაინც ღირდეს, რამდენიც დასავლეთის ქვეყნების მიწის ბაზრებზე ღირს მასზე ბევრად უარესი მიწები. ამ შემთხვევაში მიწის მესაკუთრის ხელში, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, იპოთეკური სესხის სახით, გაჩნდებოდა დღევანდელზე 100-ჯერ მეტი პირადი თანხა. თვითდინებით და პირიქით, უკვე ბანკებს შორის ურთიერთკონკურენტული შემოთავაზებების ფონზე, უკვე მართლა შეღავათიანად მოზიდული ეს თანხები, თავისუფლად ეყოფოდა მეურნეს ყველა საწყისი პრობლემის სრულად და უკეთ მოგვარებისთვის.

ხაზგასმით ვამბობ, მხოლოდ მაშინ, როცა ინვესტიციის წყარო და შესაბამისად თანხა, საკუთარი, ანუ თვით ამავე საქმის შემადგენელი ნაწილია, მისი მოპარვა თან შეუძლებელია, ვინაიდან საკუთარ თავს ვერავინ პარავს, ხოლო უგუნურად ან მიზანმიმართულად მისი გაფლანგვა, სახელმწიფო თუ სხვა “იაფ” წყაროებიდან მიღებული თანხებისაგან განსხვავებით, ძვირი თვით მეურნეს უჯდება და ამიტომ იშვიათად ხდება.

მხოლოდ ასე შეიძლება მეურნემ, მაგალითად, სოციალიზმის დროს აშენებული ფარღალალა საწყობის ნაცვლად, უკეთესი ფასის დადგომამდე პროდუქტის შესანახად, საცავი მიკროკლიმატით აიშენოს. ადრე, თუ პროდუქციას დანჯღრეული `გაზ-51~-ით ეზიდებოდა და ნაწილს გზაში ფანტავდა, ახლა შეძლებს თვითმფრინავი-რეფრეჟერატორიც კი შეიძინოს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი თუნდაც ალიასკაში, ან სხვა ნებისმიერ წერტილში, იქ მიაწოდოს, სადაც მეტს გადაუხდიან და მეტს მოიგებს.

ყველაფერი საჭიროს გაკეთებას მართლაც შეძლებს, იმიტომ, რომ საკმარისი ფული ექნება. წინასწარ მარტო კარგი ანგარიში დასჭირდება, ესა თუ ის ხარჯი მოგებას მოუტანს თუ არა.

ამრიგად გამოცალკევდა დიდი პრობლემა თავისი მიზეზ-შედეგობრივი ბმულით.

მაინც რა ხდება, რატომაა სასოფლო მიწის საბაზრო (და რათქმაუნდა არა ხელოვნურად დადგენილი) ფასი ჩვენთან ასე იაფი და ცივილიზებულ ქვეყნებში ასე ძვირი? ან როცა რამოდენიმე მილიონი შესაძლო ინვესტიციის მიმართ უყურადღებობის გამოვლენაც დანაშაულია, რატომ არავინ უღრმავდება ამ მიდგომას, რომელიც მრავალმილიარდიან ინვესტიციებს ბუნებრივად და თვითდინებით მოიტანს?!

ამ თემისადმი წაყრუებას შესაძლოა რამოდენიმე მოსაზრება ედოს საფუძვლად:

ა) შედარებით ხშირი და თითქოს ლოგიკური აზრით, ჩვენში ფასი დაბალი იმიტომაა, რომ იმ ქვეყნებში ხალხი მდიდარია და შეუძლიათ ერთ კვადრატულ მეტრ სრულიად ცარიელ ასეთ კარგ მიწაში ვთქვათ 15-20 დოლარი (ან ევრო) მიცეს, ჩვენ “საწყალ” ხალხს კი, სად შეუძლიათ ამხელა საფასურის გადახდა?! – და ამიტომ ამ თემას სწრაფად ვერაფერი ეშველება. ამგვარი პასუხი, მიუხედავად მისი სიხშირისა, მცდარია.

ამ პასუხის უსაფუძვლობა რომ ნათლად დავინახოთ, ყურადღება უნდა მივაქციოთ ყველა სხვა ფასს. დავინახავთ, რომ უკვე ყველაფერი: მანქანა, პერანგი, ოქრო, ბინა, კარტოფილი, ტელეფონი, ლურსმანი, ნამცხვარი ან თვით მიწებიც კი, ოღონდ ურბანული და არა სასოფლო, ჩვენთანაც დაახლოებით იგივე ღირს, რაც ვთქვათ გერმანიაში ან ჰოლანდიაში. დიდი წვალებით, შესაძლოა მართლაც იპოვო რაიმე ისეთი, რომლის საბაზრო ფასი ან იქ, ან აქ იყოს ორ-სამჯერ მეტი, მაგრამ 100-ჯერ და 200-ჯერ განსხვავებულ საბაზრო ფასს კი ნურას უკაცრავად, ვერ ნახავთ. რა გამოდის, რაღა ამდენად საჭირო მიწის მიმართ გვაქვს მაინცადამაინც დაბალი გადახდის უნარი?!

ბ) არსებობს ეჭვიც, რომ ხელისუფლება შიშობს, კერძო საკუთრებაში ბევრი ასეთი მიწის ადრე საეჭვო გზით მიმთვისებელი, ამჟამად კი მტრულად განწყობილი ერთი-ორი სუბიექტი, მიწის ბაზრის გაძვირებით ფინანსურად არ გააძლიეროს. თუ ასეა, სისულელეა ამ მძლავრი იარაღის ამ აზრით მოცდენა. ეს იმას გავს, ოთახში შემოფრენილ კოღოს ზარბაზანი ესროლო. შეიძლება ოთახი დაანგრიო, კოღო კი მაინც გადარჩეს. პირიქით, სწორედ ამ გზით, ქვეყანაში და ხალხის ხელში ახალი მილიარდების მოზიდვით შეიძლება ყველაზე ეფექტიანად, პოტენციურად მტრული მილიონების განეიტრალება-გაუვნებელყოფა.

გ) მიწის ფასის სიმცირის ერთ შესაძლო მიზეზად, ვინმემ, შეიძლება, საკუთრების შესაძლო დაუცველობაც მიიჩნიოს.

მაგალითად, არაპროგნოზირებადი მეზობელის მიერ, მიყრუებულ, ცარიელ ადგილას მოწყობილმა პატარა “შემთხვევითმა” აფეთქებამაც კი მართლაც შეიძლება მიწებზე ფასების გარკვეული კლება გამოიწვიოს.

საქმეც ისაა, რომ მიუხედავად ამ ფაქტორის ესოდენ თვალსაჩინო სიმწვავისა, ფასის სიმცირის მნიშვნელოვანი მიზეზი საკუთრების არც ამგვარი და არც ის დაუცველობაა, რომელიც თვით სახელმწიფოს დაუცველობის ან შიდა პოლიტიკური არასრულყოფილების გამო შეიძლება ვლინდებოდეს. მსგავსი ფაქტორები სრულიადაც რომ აღმოიფხვრას, მიწის ფასი, დიდი-დიდი გაორმაგდეს ან გასამმაგდეს, როგორც მაგალითად, იგივე რუსეთის მეზობელ, ვთქვათ ესტონეთში მოხდა, ნატოს ქოლგის ქვეშ შეფარების შემდეგ. მიწის ფასი იქ მართლაც გაიზარდა, მაგრამ მხოლოდ 10 ცენტამდე და არა იმდენად დიდად, რამდენიც მათ ახლოს, ჰოლანდიაში თუ ფინეთში ღირს მათივე მიწის მსგავსი მიწა.

დ) არც ცივილზებულ ქვეყნებში სოფლის მიწების უკვე ფაქტობრივად მიღწეული მაღალპროდიქტიულობა და დარგის ჩამოყალიბებული მომგებიანობა, ან სუბსიდირება თუ პროტექციონიზმი არის მათი ცარიელი სასოფლო მიწის ფასის ისეთი სიდიდის მთავარი ან, მითუმეტეს პირველადი მიზეზი. უკეთეს შემთხვევაში, მსგავსი ფაქტორები, მათთან ფასის მეტობის მხოლოდ ნაწილის წარმომქმნელი, მაგრამ მეორადი რიგის მიზეზებია.

ხშირად გაიგებთ, საჭირო რომ არ იყოს, ევროკავშირი სოფლის მეურნეობაში სუფსიდირებას და პროტექციონიზმს არ განახორციელებდაო. ნუ ვიქნებით გულიბრიყვილონი. ამ არც თუ სამართლიანი პრაქტიკის ფესვები სხვა წარმოშობისაა. ჩემი აზრით, ცივილიზებულ ქვეყნებში, სადაც სასოფლო მიწები დასაბამიდან კერძო იყო, მიწა თავიდანვე საბაზრო-წონასწორული ფასი ანუ საკმარისად ძვირი ღირდა. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის დარგი დასაბამიდან ფინანსურად ყველა სხვაზე ძლიერი იყო. სხვა დარგებთან შედარებით, თუნდაც მწარმოებლის და მომხმარებლის როლში, მასში მეტი ადამიანის პირადი ინტერესი იყო ჩართული, შედეგად კი საზოგადოებაში და ნებისმიერ წარმომადგენლობით ორგანოშიც მხარდაჭერა და ლობირებაც მეტი ჰქონდა. მოგეხსენებათ ადამიანთა სიხარბეც. სწორედ ამ ნიადაგზე გაიხარა ამ ქვეყნებში, სხვა დარგების ხარჯზე, ამ დარგისათვის დამატებითი პრეფერენციების მიკუთვნების, მისგან კიდევ უფრო მეტი მოგების მიღების სურვილმა. ასე დამკვიდრდა ამ ქვეყნებში, ამ დარგისათვის, ბიუჯეტიდან, ანუ სხვა დარგების ხარჯზე “დახმარების” პრაქტიკა. ევროკავშირის შექმნის შემდეგ, შესაბამისმა `მიღწევამ~ უბრალოდ გადაინაცვლა ევროსტრუქტურებში და იქაც, ყველა ტყუილითა თუ მართალით, ყოველთვის ეცდებიან შეინარჩუნონ და ახალ წევრებსაც თავს მოახვიონ ეს.

ამ შემთხვევაში, არსით მემარცხენე რეგულაციებისაგან განსხვავებით, საინტერესო ისაა, რომ მსგავსი რეგულირება ანუ სუფსიდირება და პროტექციონიზმი სოფლის მიწის საბაზრო ფასს კი არ ამცირებს, პირიქით, ზრდის. ამიტომ ზოგ ქვეყანაში ფასი, უკვე ხელოვნურად, წონასწორულ საბაზრო ფასზე 30%-ით და მეტითაც კი მატულობს. ოღონდ ერთი რჩება არსებითი – ლიბერალური წარმოშობისაა მიწის ფასის პირველადი და დარგის თავდაპირველი სიძლიერისათვის საკმარისი ზრდა. ამ საფუძველზე ხდება თავდაპირველი ძალის მოკრება, რომ მერე თუნდაც მსგავსი, ხარბი, ლობისტური, მაკროეკონომიკურად ნაკლებსასურველი, მეორადი ზედმეტი ზრდა საერთოდ შესაძლებელი გახდეს.

სხვა, მნიშვნელოვანი ცალკე თემაა, რომ ძლიერი საფრანგეთისა და გერმანიის ხარბი ინიციატივით იმ ტიპის ევროკავშირის მშენებლობა, რომელიც შენდება და თან შემავალი ქვეყნების სუვერენიტეტის შეულახავად საერთო ვალუტა “ევროს” შენარჩუნების მცდელობა სრულიად უპერსპექტივოა… და კრახით დამთავრდება

მოკლედ, ფასის სიმცირის ძირითადი და რაც მთავარია, პირველადი მიზეზები სხვაა:

I. რომ აღარ ვიმარჩიელოთ, ეკონომიკის შესაბამისი ფუნდამენტალური კანონი – მოთხოვნა-მიწოდების კანონი უნდა მოვიშველიოთ. ა) ქვეპუნქტში ვაჩვენეთ, რომ გადახდისუნარიანი მოთხოვნის ნაწილში რაიმე გაუგონარი გადახრა არ გვაქვს. გვრჩება ერთადერთი დასკვნა, – მიწოდების ნაწილში ვუშვებთ რაღაც, მიუტევებელ დიდ შეცდომას, ნორმიდან რაღაც გაუგონარ და არნახულ გადახრას, რადგან ფაქტია, ნორმალურთან შედარებით ათასჯერ ცოტაა ჩვენი სასოფლო მიწების ფასი, ნულია შესაბამისი ინდექსი – დარგის გარდაუვალი განადგურების უტყუარი წინმსწრები ინდიკატორი.

იმედია, მიზეზ-შედეგობრივ ბმულში, მკითხველი ნახევრად, ანუ მოთხოვნის ნაწილში, მართლაც გაერკვა. გასარკვევი დარჩა, მხოლოდ მიწოდების ნაწილი. რას ვაშავებთ, რას ვერ ვაცნობიერებთ ისეთს, რომ წლების განმავლობაში, ზოგადად პოსტკომუნისტურ ქვეყნებში, ნორმალურთან შედარებით მიწის ბაზარზე არნახულად დიდი და ფასის ასე გამანადგურებელი მიწოდება და მიწოდების მოლოდინი გვაქვს?!

პასუხი ერთია. მართლაც, მსოფლიოს ეკონომიკურ ისტორიაში არსად, არასდროს, არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა მსგავსი რეალობა. პირველად ტარდება და ჩვენში იმედია, უკანასკნელად, სოციალიზმიდან კაპიტალიზმზე გარდამავალი რეფორმა. ამდენად, ამ ქვეყნებისათვის დამახასიათებელი პრობლემების მაკროეკონომიკური საწყისის ზუსტი ცოდნა და მისი დაძლევის პრაქტიკული გამოცდილება მსოფლიოს ჯერაც არ გააჩნია.

მხოლოდ ამ ქვეყნებში, პრივატიზაციის პოლიტიკურად გარდაუვალ, მასობრივ პროცესში ხდება საფონდო ბაზარზე ქვეყნის მთელი(!) აქტივების ასე ზეჭარბი მიწოდება და ამას ბუნებრივად მოყვება საფონდო ბაზრის ერთდროულად გაჩენაც და ნგრევაც!

II. ასეთ ქვეყნებში და მათ შორის ჩვენთანაც საქართველოში, გარდა მოთხოვნა-მიწოდების კანონიდან გამომდინარე უმძლავრესი ამ მიზეზისა, ფულზე პრივატიზაციის დროს უარყოფითი შედეგის გარდაუვალობას აძლიერებს ისიც, რომ ის მწირი სახსრებიც კი, რომელიც წონასწორობადარღვეულ ამ მიწის ბაზარზე მაინც შეიძლება გამოჩნდეს, მიწის პრივატიზაციის ყოველი ტრანსაქციით, პირწმინდად ქრება (ბიუჯეტში მიექანება) და ამ მიწის ბაზარზე, მოთხოვნის მხარეს ისევ არაფერი რჩება.