როგორ მოპარეს ყველას ყველაფერი – ამბავი უდიდეს ძარცვის შესახებ შეულამაზებლად

დედამიწაზე მომხდარ ყველა ომსა თუ ყაჩაღობაში ერთად, საერთო ჯამშიც კი, ამდენი არ მითვისებულა

გამოფიტულ რუსულ ნიადაგზე, საუკუნის წინ, კრიმინალების ერთ ბანდაში აღმოცენდა უყალბესი ლოზუნგი-სატყუარა: „მიწა გლეხებს,ფაბრიკა-ქარხნები მუშებს!“, რომლის რეალური მიზანი ზუსტად პირიქით, ყველაფრის ხელში ჩაგდება და ხელისუფლების მუდმივად შენარჩუნება იყო…

რა მოხდა სინამდვილეში?

არათუ ვინმეს მართლა რამე მიეცა, პირიქით, ლენინმა ყველას ყველაფერი ფასეული ჩამოართვა – ფორმალურად საერთო სახალხო საკუთრებაში წაიღო, რეალურად კი, მან, თავის ბანდასთან ერთად, ყველაფერი პირად განკარგულებაში მიითვისა.

არათუ გლეხებს და მუშებს მიეცათ რამე, პირიქით, – მეფით და ეკლესიით დაწყებული და ოდნავ შეძლებული ადამიანით დამთავრებული, – ამ ბანდამ პირად საკუთრებაში, რამე ფასეული, არავის არაფერი დაუტოვა.

საკუთარ განკარგულებაში ერთბაშად მიითვისა წყალი, მიწა და ჰაერი, უმდიდრესი წიაღი, ფლორა და ფაუნა, თევზიან, ცხოველიან, ფრინველიანად, მიითვისა ყველა სიმძლავრე და ნაგებობა, ადამიანების პირადი საცხოვრებელი ბინების ჩათვლით.

ამითაც არ დაკმაყოფილდა, მიითვისა ადამიანთა პირადი მიღწევები, მათი ინტელექტუალური საკუთრება. მიითვისა მსოფლიო არენაზე მათ მიერ მიღწეული საუკეთესო შედეგები სპორტში, ხელოვნებასა თუ მეცნიერებაში. მიითვისა ამ ყველაფრის შესაბამისი უდიდესი შემოსავლები…

მეტიც, დამოუკიდებელ აზროვნებასთან ერთად მგონი სინდისიც კი ამოაცალა კაცობრიობის, მის მიერ გაბრიყვებულ, მომხრე ნაწილს, რადგან ისინი დღესაც ფიქრობენ, რომ სიკეთე ქნა…

სხვა ცნობილი ძარცვებისაგან განსხვავებით, ჯერ მსოფლიოს მეექვსედ ტერიტორიაზე, მერე კი პლანეტის მეტ ნაწილზე განხორციელებულ ამ უპრეცედენტო ძარცვის ციფრებით დათვლა-გაზომვა ალბათ XXI საუკუნის კომპიუტერული სიმძლავრეებითაც კი შეუძლებელია…

რა მიეცა სანაცვლოდ ხალხს?

წართმეულის სანაცვლოდ მოქალაქეებს შეექმნა კეთილდღეობა?, ან უზრუნველი ყოფა?

– გარდა გრანდიოზული ყალბი იმედისა, არაფერი! 🙂

როგორ განვითარდა შემდგომი პროცესები, როგორ “დააკმაყოფილა” ხალხი და როგორ მოახერხა ამ ბანდამ ძალაუფლების უშფოთველად შენარჩუნება?

– ამაში მარტივად, სქემატურ დონეზე გასარკვევად, მიტაცებული გიგანტური ფასეულობა, სიმარტივისათვის, 100 ტრილიონ პირობით ფულად შევაფასოთ.

პირველ რიგში, მოქალაქეთა ფიზიკური არსებობისთვის

კრიმინალურმა ბანდამ,სრულიად მარტივად, გააკეთა შემდეგი:

– მითვისებული 100-დან 1 ტრილიონი ( მეტი დაენანა ან თვლა დაეზარა 🙂 ) გამოყო ხალხის ხელფასებად. ანუ ბრძანა: შექმენით რა სამუშაო ადგილებიც გინდათ და ეს 1 ტრილიონი დაინაწილეთ თითქმის თანაბარ ხელფასებადო! – ერთი დაუსაქმებელიც არასად გამებლანდოს ფეხებშიო! 🙂

ხელფასები გამოვიდა ცოტა და არსებობისათვის არასაკმარისი.

როგორ მოაგვარა ბანდამ ეს პრველი გართულება?

ასევე მარტივად – ელემენტარული არსებობისათვის აუცილებელი ყველა საქონელი და მომსახურება, რომელიც, რათქმაუნდა, ყველაფერთან ერთად, ასევე იმ ბანდის ხელში იყო, იმ დაბალ ხელფასის შესაბამის დაბალ ფასებში ან საერთოდ უფასოდაც კი „დიდსულოვნად“ მისცა თავის მოქალაქეებს.

მითვისებული ასიდან ერთი ტრილიონით ბანდამ (წოდებულმა მთავრობად) მარტივად შეძლო რაღაც ხარისხის პურით, ელექტროენერგიით, სამოქალაქო ტრანსპორტით, სამედიცინო მომსახურებით თუ სხვა აუცილებელით მოსახლეობის . ა რ ს ე ბო ბ ი ს . უზრუნველყოფა.

მარტო არსებობის უზრუნველყოფა არ აღმოჩნდა საკმარისი.

მერე, მეორე რიგში, მოახერხა კონკურენციისა და წარმატების იმიტაციის შექმნა

– მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, ცხადია, ცხოველივით მხოლოდ არსებობა არ აკმაყოფილებს. შესაძლოა ფრანგს ან იაპონელს არ იცნობდეს და არც ეჯიბროს, მაგრამ ხალხის უმეტესობა „ყველაფერზე წავა“, რათა მშობელს, და-ძმას, ირგვლივ მყოფ ყველა ახლობელს თუ შორებელს აჯობოს, პირადად „მეტი ჰქონდეს“. ადამიანურ მედიდურობას რომ თავი დავანებოთ, თუნდაც იმ კეთილშობილი მიზეზით, რომ სხვისი მეტი დახმარება შეეძლოს და პირიქით, სხვისგან შემწეობა არ იმათხოვროს.კონკურენციამ “სოცშეჯიბრის” სახით ვერ იმუშავა! 🙂

ამ მხრივ თითოეული ადამიანის დამაკმაყოფილებელი უზრუნველყოფის დონე ინდივიდუალური და თან შედარებითია.

ამ, არსებითი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ბანდამ ასევე მარტივად, მის ხელში დარჩენილი 99-დან, ამჯერად უკვე მოსაპარად, გამოყო კიდევ 1 ტრილიონი – აბა ჰე, ვისაც როგორ შეგიძლიათ, პარეთ ერთმანეთსო!

მეტად აქტიურმა და ხარბმა, მეტი მოიპარა (გამოძალა,მიითვისა…) და შესაბამისად შექმნილი დიფერენცირებით, ყველამ, თავისი ჭია, მეტნაკლებად გაიხარა.

მისგანვე ინიცირებული ეს პროცესიც ცხადია ბანდა-მთავრობამ ფარულად აკონტროლა, „პოლიტიკურად არასაიმედოების პროფილაქტიკური“ მკაცრი დასჯებიც აწარმოა და ერთგვარი „რომანტიკული“ ელფერიც კი შემატა რიგითი ადამიანების უღიმღამო არსებობას 🙂

თან, ურჩთა სასჯელად, რელიგიებისაგან განსხვავებით, იმქვეყნიურის მაგივრად, ამქვეყნიურ, ხილულ ჯოჯოხეთს ფლობდა სასჯელთა არსენალში.

დაუსჯელმა ადამიანებმა ირწმუნეს საკუთარი უკანონო უნარების და მიჩენილ საზღვრებში გადიდგულდნენ და გაამაყდნენ კიდეც!

მეორე ტრილიონით ბანდამ ასე მარტივად შეძლო ხალხში, თითქოსდა მათი პირადი, სინამდვილეში კი „ცენტრიდან“ მართულ-კონტროლირებული “წარმატებების” იმიტაცია.

შედეგად, ხალხისგანვე მიტაცებულ-მითვისებული 100 ტრილიონიდან მათთვის მხოლოდ 2 ტრილიონის დაბრუნებით ბანდამ საზოგადოების უდიდესი უმეტესობა სრულიად მორჩილ, მართულ და თან, მიჩენილ საზღვრებში კმაყოფილ და ამაყ ადამიანებადაც კი აქცია.

შედეგად ბანდამ შეიძინა თვალისმომჭრელი ბრწყინვალება, უბრალო ადამიანების უანგარო, ფანატიკური და თავგანწირული სიყვარულიც კი

– გარდა ნახსენები, „დაკმაყოფილებული“ უმრავლესობისა, საზოგადოებაში ცხადია არსებობს განსაკუთრებული ნიჭის და უნარის მქონე, მცირე, მაგრამ ავტორიტეტული ნაწილი. დიდი შემოქმედები, მეცნიერები, ხელოვანები, სპორტსმენები, ნებისმიერ დარგსა თუ პროფესიაში, თუნდაც კრიმინალსა, მკითხაობასა ან მეძავობაშიც კი განსაკუთრებით წარმატებული ადამიანები, – რომელთა სიტყვა და აზრი საზოგადოების მათდამი ფანატურად განწყობილ ნაწილში, უდიდესი, განსაკუთრებული რეპუტაციით და დამაჯერებლობით სარგებლობს.

აი მათთან, მძარცველმა ხელისუფლებამ ნაკლებად იძუნწა.

დარჩენილი 98 ტრილიონიდან მათ მოსათაფლად 8 ტრილიონიც არ დაინანა.

ყოველ მათგანს ყურში ჩასჩურჩულა: მართალია მუშების და გლეხების ქვეყანა გვქვია, მაგრამ რეალურად, შენ ხარ ჩვენი სახე და სალოცავი, რაც გვაქვს, შენთვის გვაქვს, შენთვის არაფერი გვენანება, ინატრეთ და ყველაფერს გაგიჩენთო. ხალხს ნურაფერს ეტყვით, ხომ ხედავთ, როგორ უჭირთ საწყლებს და რამე თუ მოგინდათ, ჩვენ გვითხარითო. სისტემატურად ჩუქნიდნენ მანქანას, ბინას თუ აგარაკს, სხვებისათვის საოცნებო მივლინებებს და ფულებს,იმპორტული ნივთების შესაძენად – მართალია მსგავსი ნიჭი, უნარები და მიღწევები განვითარებულ დასავლეთში მაინც მრავალჯერ მეტად ფასობდა, მაგრამ ყველაფერი ფარდობითია. სხვა რიგით თანამოქალაქეებთან შედარებითი მათი უპირატესობის და წარმატების შეგრძნება აქ მეტი იყო… თუმცა, ამავე დროს, ამავე ვიწრო ფენიდან, თუ აქაიქ ვინმე მადლიერებას სათანადოდ არ გამოხატავდა და ჩარჩოშიც ვერ ეტეოდა, გინდ სოლჟენიცინი ან ესენინი ყოფილიყო და გინდ ჩვენი გალაკტიონი, სხვა რიგითზე მკაცრად, დაუნდობლად ისჯებოდა!

შედეგად, დარჩენილი 90 ტრილიონი სულ რომ ღორივით ენთქა და ენადგურებინა, სულ რომ თავზე ეყარა, ეფლანგა და ენიავებინა, მით უმეტეს ისე ფარულად, რომ მისი დანაშაული არ ჩანდა – სახელისუფლებო ბანდა ამ გიგანტურ ქონებას დიდად მაინც ვერაფერს აკლებდა.

ზღაპრებში, რომანებსა და ფილმებში მძარცველები თუ თავიანთ ნაყაჩაღარს გამოქვაბულებში და სხვა საიდუმლო ადგილებში ინახავენ, ამ შემთხვევაში, მძარცველი ხელისუფლება ამ ყველაფერს კანონით, უსამართლო სამართალით იცავს.

უკვე ჰალსტუხიანი ყაჩაღები, ქვეყნის ხსენებულ უძვირფასეს აქტივებს სამუდამოდ ინარჩუნებენ მისი ნამდვილი მფლობელი ხალხის რაიმე ჩარევის გარეშე, მათ მიერვე ამოყირავებულ ფასეულობებზე აგებული პროპაგანდით გაბრიყვებული ხალხის მხარდაჭერით. ნეტა მართლა ხელუხლებლად მაინც უნახავდნენ მომავალ თაობას ამ ურიცხვ ქონებას. პირიქით, აქტიური, მოტივირებული, მიუკერძოებელ შეჯიბრით გამორჩეული კერძო მზრუნველი მეურნის ხელის შეუხებლად, სამუდამოდ ინარჩუნებენ ამ უთვალავი ქონების შემდგომი, უყაირათო ძარცვა-განიავების ყველა უფლებას. უფრო მთავარზე, ამ აქტივის ეკონომიკიდან გარიყვაზე აქ აღარაფერს ვიტყვი.

მაშინ, როცა შიდა პოლიტიკური სივრცე უკვე ასე „მოსწორებული“ და მისი „ელიტარული“ ნაწილის მადლიერი მონდომებით, ხალხის ერთსულოვანი მხარდაჭერა არჩევნების ყოველგვარი გაყალბების გარეშეც გარანტირებული აქვთ, ერთადერთი, რასაც მსგავსმა ხელისუფლებებმა შეუძლიათ მოახმარონ და ახმარენ კიდეც ამგვარად „გამონთავისუფლებულ“ გიგანტურ რესურსებს, ეს სამხედრო სიძლიერის ზრდა და საზღვრების გარედან რეჟიმის მოსალოდნელი მხილების ყველა შანსის აღკვეთაა. არც საერთაშორისო პოლიტიკურ პროპაგანდაზე ზრუნვას აკლებენ ყურადღებას, რაც სიყალბის ტექნოლოგიების არნახული დაფინანსებით იოლია.

მთავრობა, ერთ იდეოლოგიურ ხელში უპრეცედენტოდ კონცენტრირებულ და გიგანტურ, თან ხალხისაგან უკონტროლო ამ „90 ტრილიონიან“ რესურსებით იოლადაც ახერხებს სხვა ქვეყნებში, თავის მსგავსი და მხარდამჭერი, დანაშაულებრივი რეჟიმების შექმნასა და მომრავლებას.

აი ასე გენიალურად მარტივად გამოიყურება ის ძირითადი სქემა, რომელიც ზუსტად ასახავს იმ არნახულ მასშტაბის ქონებრივ დანაშაულს, რომლის უკან,მისი პირველივე დღიდან იმალება უდიდესი, სასტიკი ძალადობა, სისხლი და . ტ ო ტ ა ლ უ რ ი . უ ს ა მ ა რ თ ლ ო ბ ა . . .

მას მერე, ახალი კომუფლიაჟით თუ მაკიაჟით, ძირეული გაყალბებით, ხსენებულმა ბანდამ კიდევ უფრო მოქნილად მოახერხა შენიღბვა, მაგრამ საზოგადოებასთან მათი მიდგომის არსი მაინც იგივე დარჩა. უკვე თეთრ საყელოებიანი ბანდიტები უმთავრეს სახალხო ქონებას ამ ხალხის პირად საკუთრებაში მაინც არა და არ აბრუნებენ, – უდიდეს ნაწილს ისევ თვითონ, თითქოს სახელმწიფოს და ხალხის სახელით, ზოგ დიდ ნაწილს კი უკვე კლანურადაც ფლობენ.

მას მერე, რაც რკინის ლედად წოდებულმა მარგარეტ ტეტჩერმა უკანასკნელი მოჰიკანივით საბოლოოდ გაიბრწყინა, ხელისუფლებაში მყოფი აღარც ერთი ლიდერი ბოლომდე თანმიმდევრულად ვეღარ ბედავს პრივატიზაციის სრულად მხარდაჭერას. ხალხის უკიდურესი გაჭირვება და ეკონომიკის ნგრევაც კი ვერ აიძულებს მათ ქონების ხალხისათვის დაბრუნებას. ქონების გაყიდვასაც კი სახელმწიფოს მთელი პროპაგანდისტული მანქანით და ყველა ხრიკებით ეწინაამღდეგებიან, ხალხისათვის მის უფასოდ დაბრუნებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

როგორც ერთერთი, მეც ვაღიარებ ამ პროცესში მონაწილეობას, მაგრამ ამ სიბერეში, დღემდე ვერ გამირკვევია, უფრო ვინ ვიყავი – მძარცველი ბანდის თუ გაბრიყვებულ-დაზარალებული საზოგადოების აღწერილთაგან რომელიმე ჯგუფის რიგითი წევრი…

უდიდესი შოთა რუსთაველი ან უდიდესი ეკონომისტი მილტონ ფრიდმანი სრულად ალბათ თვითონაც ვერ იაზრებდნენ თუ რამდენად სამართლიანი მანტია მოასხა მათ განგებამ, როცა პირველს ათქმევინა – რასაცა გასცემ, ისაა შენიო, მეორეს კი – პრივატიზაციის უკეთეს ფორმად მოქალაქეებისათვის ქონების უფასოდ გადაცემა მიმაჩნიაო…

თუ იმ ყაჩაღთა ბანდის დღევანდელ მემკვიდრე ხელისუფლებაშიც ვერ არიან ამ ორ პიროვნებასავით გიგანტები, ბოლოსდაბოლოს, მათი ნათქვამის გააზრება მაინც ხომ ყველამ უნდა შეძლოს, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაასრულონ მხოლოდდამხოლოდ ჯგუფის სიხარბით გამოწვეული ხალხის წვალება, მითუმეტეს რომ მაგ სიხარბეს ბანდის რიგითი წევრებისათვის კი არა, პირადად რომელიმე ლიდერისთვის (მათი შთამომავლობისთვისაც კი) არასდროს მოუტანია არათუ ზიანის ადეკვატური, იოტის ოდენა სიკეთეც კი…