შანსია გვქონდეს საუკეთესო საავადმყოფო

მსოფლიოში საუკეთესო(!), მრავალპროფილიანი სამედიცინო დახმარების კერძო კომპლექსი: 300 საწოლიანი სტაციონარით, ამბულატორიულ ნაწილით, სამეცნიერო და კლინიკო-დიაგნოსტიკური კვლევების ულტრათანამედროვე, მუდმივად ოპერატიულად განახლებადი ტექნიკით, ტექნოლოგიებით, ლაბორატორიებით და ყოვლისმომცველი სპეციალური ბიბლიოთეკით.

ამ სუპერამბიციური ამოცანის მისაღწევად, 2 მთავარ საკითხში, ბევრი ჩვენზე ძლიერი ქვეყნებისთვის მიუწვდომელი, კარგი სასტარტო პოზიცია გვაქვს:

ა) სამედიცინო კადრებით უზრუნველყოფა

– წინა საუკუნის II ნახევარში, ექიმობა პრესტიჟულ, ელიტურ, საოცნებო პროფესიად,გამორჩეულად, მხოლოდ საქართველოში ითვლებოდა.

ლამის ყველა წარმატებული ოჯახი უკან არაფერზე იხევდა და ბავშვს, მთელი მონდომებით, პირველ რიგში მკურნალად ამზადებდა. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინოზე “მოწყობა” ფანტასტიკურად ძვირი ღირდა, ამ„მოდური“ პროფესიის დაუფლებას უდიდესი მონდომებით, შესაბამისი მოწოდების მქონე, უნიჭიერესი ღარიბებიც ახერხებდნენ.

შესაბამისად, წინა საუკუნის ბოლოს, სამედიცინი განათლებას “NQ”-თი ასეთი გამორჩეული სასტარტო უზრუნველყოფა, მსოფლიოში არსად ჰქონია.

შედეგიც სახეზეა, მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში ჩვენს თანამემამულეს, მოწინავე ავტორიტეტულ პოზიციებზე, პროპორციულად ყველა სხვა, ჩვენზე მრავალრიცხოვანი და უზრუნველყოფილი ერის წარმომადგენლებზეც ხშირად ნახავთ.

უკეთეს ბაზას თუ შევთავზებთ, სამშობლოში ალბათ ყველა დაბრუნდება.

ბევრ უცხოსაც, საწყის ეტაპზე მაღალი ანაზღაურებით მოვიზიდავთ.

რიგ მიმართულებებს აღიარებული, მსოფლიო რანგის კორიფეების წწინამძღოლობით თუ დავაკომპლექტებთ, ასეთი ბირთვი მოახდენს ერთმანეთის სრულყოფას და დანარჩენ ნოზოლოგიებშიც უცხოელ კორიფეთა მაგნიტივით მოზიდვას.

ბ) საუკეთესო ბაზის შექმნა

პირველ რიგში საუკეთესოდ იგულისხმება ბაზა, რომლის მდებარეობა და ბუნებრივი კლიმატური პირობები უკეთესია.
ჩვენი ქვეყანა გეოგრაფიულადაც მოხერხებულ ადგილზეა, ჩვენთან კლიმატურად და ეკოლოგიურად უნიკალური ადგილების (იგულისხმება ულამაზესი ფლორისა და ფაუნის მქონე გარემო, ზომიერი კლიმატი, ნესტიანობა, ატმოსფერული წნევა და ყველაფერ ამას ემატება უნიკალური სამკურნალო წყლები თუ ტალახები) არჩევანი დიდია.
ამ მხრივ კონკურენციას ვერაფრით გაგვიწევს თუნდაც უმდიდრესი, მაგრამ ძალიან ცივი ან ცხელი ქვეყნები.

ბაზას ექნება საკუთარი მცირე აეროდრომი, სადაც საკუთარი თუ კლიენტის საფრენი საშუალებები, საჭიროების შემთხვევაში, შეუფერხებლად დაეშვება.

საუკეთესოდ იგულისხმება ბაზა, რომელიც მდიდრულად და უნაკლოდ იქნება აგებული ეკოლოგიურად სუფთა, უძვირფასესი ბუნებრივი, უპირატესად უნიკალური ხის მასალებისაგან და შესაბამისი ტექნოლოგიებით.

იქ მოხვედრილი ნებისმიერი „მეფე“ უნდა დარწმუნდეს,რომ არქიტექტურით დაწყებული და უბრალო სალფეთქით დამთავრებული, მართლაც არნახულ, სრულყოფილ ხარისხთან და მშვენიერებასთან აქვს შეხება და აქ უმაღლესი შედეგისათვის, სულ წვრილმანშიც კი, არაფერია დაზოგილი!

იგივე ეხება რა თქმა უნდა სამედიცინო ტექნიკას, ინვენტარს თუ დამხმარე საშუალებებს. სრულიად ახალი დამონტაჟებული, მსოფლიოში საუკეთესო მოწყობილობა დაექვემდაებარება დაუყონებლივ შეცვლას, თუ უკეთესი ახალი ანალოგი მსოფლიოში სადმე გამოჩნდება.

ბაზაში, მუდმივი სრულყოფის რეჟიმში, იმუშავებს მსოფლიო ანალოგიებისაგან რომელიმე პარამეტრით უარესი რაიმეს აღმოჩენის პრემირების და მათი „ელვისებურად“ ჩანაცვლების სისტემა.

______________________

კადრებისა და ბაზის კუთხით ნახსენები, ზოგი ისეთი უნიკალური უპირატესობის ფონზე, რასაც, რაც არ უნდა “ხეები თხარო და ამგზავრო” 🙂 , ან რაც არ უნდა დაჩქარებულად “საკუთარი” კადრები ამზადო, პლანეტაზე ბევრგან ვერავითარი დაფინანსებით შექმნი, უამრავი ჩვენზე მდიდარი და ძლიერი გარე ძალა, რაიმე სერიოზულ კონკურენციას უბრალოდ ვერ გაგვიწევს.
თან ამ პროექტს, მორალური მხარდაჭერის მეტი, საკუთარი ხელისუფლებისგანაც ა რ ა ფ ე რ ი სჭირდება.

რაც შეეხება პროექტის არანაკლებ მნიშვნელოვან სხვა ნაწილებს:

გ) დაფინანსება, მენეჯმენტი და რენტაბელობა

წინასწარი გათვლით საკმარისია დაახლოებით 60-დან 70 მლნ აშშ დოლარი.

ფინანსურად შემაფერხებელმა, რაიმე გაუთვალისწინებელმა ამბიციამ რომ არ იჩინოს თავი, აუცილებელია აქციონერული საწყისი დაფინანსება თავიდანვე შეიცავდეს უდიდეს საკუთარ სარეზერვო ფონდსაც.

სასურველია საწყის, გამოცხადებულ აქციონერულ კაპიტალად ბაზარზე 200 მლნ აშშ დოლარამდე ჯამური ნომინალური ღირებულების აქციების პირველადი განთავსება.

აქედან, საქმიანობის დაწყების აუცილებელი და საკმარისი პირობა იქნება არანაკლებ 50%-ის, – მიზნობრივად მკაცრად, ბოლო კაპიკამდე კონტროლირებული, არანაკლებ 100 მლნ აშშ დოლარი კაპიტალის შევსება.

ამ მიზნით შექმნილი სააქციო საზოგადოების (პირობითისახელწოდებით „მედეა – ჯანმრთელობის ღმერთი“) თანამოაზრე დამფუძნებლების ინიციატივით შეიქმნება და საფონდო ბირჟაზე გასაყიდად განთავსდება 1 მილონი აქცია, 200 აშშ დოლარის ექვივალენტი ნომინალური ღირებულებით თითოეული.

ნებიმიერი შესაძლო მოულოდნელობისა და მნიშვნელოვანი რისკების ასაცილებლად, სრული პირველი წლის განმავლობაში, სანამ შევსებული კაპიტალი სავალდებულო სიდიდეს, 100 მლნ აშშ დოლარს არ გადააჭარბებს, აღნიშნული ემისიის ემიტენტი ვალდებულებას აიღებს, ნებისმიერი აქციონერის პირველივე შეთავაზების შემთხვევაში, მინიმუმ იმავე 200 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულებით, უკან გამოისყიდოს ყველა გაყიდული აქცია.

მაშინ, როცა უღიმღამო დეპოზიტებში ქვეყნის მოსახლეობას მილიარდები აქვს დაბანდებული, აღნიშნული აქციების განთავსების პოტენციალი ვფიქრობ უპრობლემოდ არსებობს.

100 მილიონი აშშ დოლარი შევსებული კაპიტალით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ბაზის შექმნა და სასტარტოდ სასურველი კადრებით დაკომპლექტება სრულყოფილად დასრულდება.

რაც შეეხება შემოსავლებს და რენტაბელობას, მცდარია აზრი, რომ ჯანდაცვა აპრიორი არარენტაბელური, ფინანსურად წამგებიანი დარგია.

სწორი სტრატეგიით და საწყისი უზრუნველყოფით (რაც პრაქტიკულად, ყველა სხვა დარგშიც ასევე აუცილებელია), ჯანდაცვა პირიქით, ფინანსურად ბევრ სხვა დარგზე სუპერმომგებიანი დარგია.

არა უბრალოდ ერთერთი პირველის, არამედ უპირობოდ საუკეთესოს ამბიციით შექმნილ ამ დაწესებულებაში, უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურება, რათქმაუნდა, ეღირება მრავალჯერ მეტი, ვიდრე სხვაგან მსოფლიოში.

ამ დაწესებულებაში ცხადია თავს მოიყრის უპირატესად მძიმედ დაავადებული პაციენტები, რომლთა მკურნალობა, ყველგან სხვაგან, შედარებით უშედეგოა, თუმცა, განსაკუთრებით მაღალი გადახდისუნარიანი, ელიტარული კონტიგენტი ჩვეულებრივ შემთხვევებშიც აქ ისურვებს მკურნალობას.

რეპუტაციის, მოთხოვნის და „რიგების“ ზრდის ფონზე ფასებიც შეუზღუდავად, საბაზრო პრინციპებზე გაიზრდება.

ქვეყნიდან არათუ შესაბამისად გადინებული გიგანტური თანხების ვექტორი მოტრიალდება, ჯანდაცვის სფეროში მოძრავი მსოფლიო ფინანსების ყველაზე უხვი, ელიტარული ნაკადიც ჩვენსკენ დაიძვრება.

დაწესებულების საქმიანობა ჰიპერრენტაბელური გახდება.

სოციალური მხარე

ფასები ყოველგვარი შეღავათების გარეშე (გარკვეული ფასდაკლება გავრცელდება მხოლოდ დამფუძნებლებზე) გაიზრდება ყველასათვის და რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეებისთვისაც, მაგრამ…

მხოლოდ ეს ერთი დაწესებულება გადასახადების და სხვა შემოსავლების სახით დამატებით იმდენ შემოსავალს შემატებს ქვეყნის ბიუჯეტს, თუ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების კეთილი ნება იქნება, სულ მალე ქვეყანა მხოლოდ ამ გზით მიღებული თანხებით შეძლებს მოქალაქეთა სამედიცინო დაზღვევის საუკეთესო მსოფლიო სტანდარტებამდე გაზრდას.

მოწინავე სადაზღვევო კომპანიები, ელიტარული კლიენტურის მოთხოვნით, ჯანდაცვაში მოძრავ გიგანტურ თანხებს ჩვენსკენაც გადმოამისამართებს.

ჩვენი მოქალაქის ახლანდელი დაზღვევა თუ არაეფექტურია, უკვე ამ შემოსავლების დახმარებით გაზრდილი, უფრო ძვირი და საერთაშორისო დაზღვევა, მაღალი დონის სამედიცინო დახმარების საფასურის დაფარვას უზრუნველყოფს საქართველოშიც და მსოფლიოს ნებისმიერ კლინიკაშიც.

თუ ამ კლინიკაში ფასები იმდენად გაიზარდა, რომ ჩვენმა მოქალაქემ ამ გაზრდილი დაზღვევითაც ვერ შეძლო მისი დაფარვა, ასეთი ძვირი დაზღვევის მქონეს სიამოვნებით უმკურნალებენ მსოფლიოს ყველა იმ ელიტარულ კლინიკაში, სადაც, საჭირო შემთხვევაში, ჩვენი მოქალაქისათვის იქ მოხვედრაზე, დღეს ოცნებაც კი წარმოუდგენელია.

პატივისცემით, ვანო ჩხაიძე

2012წ